ინტერნეტის როლი სადაზვერვო ურთიერთობებში.

ავტორი


დავით კუხალაშვილი

კატეგორია

ინტერნეტი, ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული კომერცია
სტატიის გადმოწერა

ინტერნეტის როლი სადაზვერვო ურთიერთობებში.

დავით კუხალაშვილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო. თბილისი, საქართველო
Kukhalashvili119@mail.ru

ანოტაცია: სტატიაში განხილულია ზოგადი მეთოდოლოგია, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტის გამოყენება სადაზვერვო ინტერესებით და ზიანი, რომელიც მოქალაქის ინტერნეტთან ურთიერთობაში შესაძლოა დადგეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

საკვანძო სიტყვები: ინტერნეტი, სადაზვერვო საქმიანობა.

I. შესავალი

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველო აქტიური სადაზვერვო დაკვირვებისა და ზემოქმედების ობიექტია, რაზედაც მეტყველებს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის (სისხლიანი 1992 და უსისხლო 2003 წელი), ტერიტორიული მთლიანობის ძალადობრივი რღვევის (სამაჩაბლო, აფხაზეთი) ფაქტები, პოლიტიკური-ეკონომიკური და სამხედრო კონფლიქტების და სოციალური ფონის დაძაბვის სისტემურობა. თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოს დომინანტი სახელმწიფოები საკუთარი და პარტნიორი სახელმწიფოების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ე.წ. მესამე ქვეყნებში სისტემატიურად ახდენენ სადაზვერვო აქტივობების, მათ შორის შენიღბული საომარი კონფლიქტების, სამხედრო გადატრიალებების ორგანიზებას, რისთვისაც ანხორციელებენ მოსახლეობის სათანადო იდეოლოგიურ მომზადებას და ამ კუთხით ინტერნეტის როლი განსაკუთრებულია.

II. ინტერნეტი და სადაზვერვო საქმიანობა

ისტორიული პროცესების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსოფლიოს ინდუსტრიის განვითარება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად მიმდინარეობდა. უძველესი პერიოდიდან იმპერიები და სამეფოები მუდმივად ზრუნავდნენ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ხელი შეეშალათ მმართველობის საწინააღმდეგო ისეთი ინფორმაციების გავრცელებისათვის, რომელთაც შეეძლოთ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული მასშტაბური მობილიზება. განვითარებულმა ისტორიულმა პროცესებმა აჩვენეს, რომ ამ შეზღუდვების არ დაცვა იმპერიებში, სამეფოებსა და სახელმწიფოებში არსებული წეს-წყობილების ძალადობრივი რღვევის საფუძველი არაერთხელ გამხდარა.
ადამიანს, ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, როგორც უძველეს პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე დიდი როლი აკისრია. სადაზვერვო საქმიანობაში კი ადამიანისა და ტექნოლოგიის როლი უმნიშვნელოვანესია. სადაზვერვო აქტივობის ეფექტურობა უპირველესად ადამიანის, მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიების მეშვეობით საკუთარი სახელმწიფოსათვის სასარგებლო, დაზვერვას დაქვემდებარებული ქვეყნის საზიანო საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას უკავშირდება.
სადაზვერვო აქციების განხორციელებამდე, განხორციელების მომენტში და დასრულების შემდგომ მზვერავ სახელმწიფოს როგორც საკუთარ და პარტნიორ სახელმწიფოებში, ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ქმედებების გასამართლებლად ესაჭიროება სასურველი საზოგადოებრივი აზრის მობილიზება. ამ თვალსაზრისით ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის პასუხობს სადაზვერვო ქმედებების ორგანიზაციის ძირითად პირობას დროულობას და მასშტაბურობას. 2012 წლის მდგომარეობით, ინტერნეტი ციფრებში მსოფლიოს მასშტაბით ასე გამოიყურება: ელექტრონული ფოსტის რაოდენობა-2,2 მილიარდი, ელ.ფოსტის აქტიური მომხმარებელი 425 მილიარდი, დომეინების საერთო რაოდენობა-246 მილიონი, ინტერნეტ მომხმარებელი 2,4 მილიარდი. [1]
ინტერნეტი არის საუკეთესო საშუალება, რომლითაც შესაძლებელია ისეთი სადაზვერო ქმედებების ორგანიზება, როგორიცაა:
1. მიზანმიმართული იდეოლოგიური დამუშავება, რაც დაზვერვას დაქვემდებარებული სახელმწიფოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკურ და მორალურ დამუშავებას გულისხმობს, რომლის დროსაც არსებობს სხვადასხვა დონის ისეთი პროცესების ინსპირირება, როგორიცაა: ჯაშუშობა, მასობრივი პროტესტი, მასობრივი არეულობა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, ტერორისტული და დივერსიული აქტები, საზოგადეობრივი აზრის შესწავლა, პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური პროცესებისადმი იდენფერენტული განწყობის შექმნა და სხვა.
2. გადაბირება [პიროვნების შერჩევა, შესწავლა (სამეგობრო და სამსახურებრივი წრე, კონფლიქტები და პრობლემები, მათი ხასიათი და ა.შ), შენიღბული ოპერატიული დავალებების მიცემა-შესრულება] ან გადაბირებული პირისაგან ინფორმაციის მიღება. ყოველივე, სადაზვერვო კონტაქტების (უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის კადრის თანამშრომლის, ან აგენტის პირადი, ძირითადად არაკონსპირაციული ურთიერთობები მისთვის საინტერესო ადგილსამყოფელი ქვეყნის მოქალაქესთან დაზვერვის მიზნით, რომელიც, ურთიერთობების ნამდვილი მიზეზის დაფარვის გამო, ვერ აცნობიერებს, რომ კავშირი აქვს სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან) [2]
შეიძლება დავასკვნათ, რომ ინტერნეტის მეშვეობით სადაზვერვო ინტერესების სფეროებია:
–მნიშვნელოვანი ან საინტერესო დოკუმენტები ან ადამიანები (მათ შორის პირველადი ინფორმაციის მატარებლები), რომლებსაც შეგვიძლია სადაზვერვო ობიექტები ვუწოდოთ.
–ადამიანები ან საშუალებები (ელექტრონული ფოსტა, სკაიპი, ფეისბუკი და ა.შ.), რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სათანადო შეღწევადობის უზრუნველყოფა დაინტერესების ობიექტთან (ან ობიექტებთან, მათ შორის ახლო კავშირებთან) ან ინფორმაციის პირდაპირი გზით მოპოვებისათვის. ინტერნეტის სადაზვერვო მიზნებით გამოყენებას გააჩნია ისტორიული საფუძვლები. კომპიუტერული ქსელის გამოყენებაზე პირველადი დოკუმენტების გამოჩენიდან ხუთი წლის შემდგომ 1969 წელს პრაქტიკაში ათვისებული იქნა კონცეფცია ARPANET, რაც მსოფლიოში პირველი გლობალური კომპიუტერული (WAN, WORLWIDE AREA NETWORK) ქსელის ამოქმედებას დაუკავშირდა.[3] ამ ინიციატივის საფუძვლები „ცივი ომის“ პერიოდის დინამიკურ განვითარებაში უნდა ვეძიოთ, ხოლო ფუძემდებელად ამერიკის შეერთებული შტატების თადაცვის სამინისტრო უნდა მივიჩნიოთ. სავარაუდოდ, ინტერნეტის დაფუძნება ამ ქვეყნის მიერ, პერსპექტივაში სადაზვერვო მიზნების აღსრულებას უნდა მოემსახურებოდა. მოსაზრების გასამყარებლად გამოდგება ის გარემოება, რომ 1986 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით 5 სუპერკომპიუტერით ერთმანეთს დაუკავშირდა აშშ-ის სხვადასხვა შტატებში განთავსებული სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრები, რომლებიც მეცნიერული კვლევებით (მათ შორის მოწინააღმდეგის ქმედებების პროგნოზირება, უცხო სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერების ფსიქოლოგიური პორტრეტების შესწავლა, სამხედრო იარაღის და ტექნიკური საშუალებების გამოგონება და ა.შ.) აქტიურად იყვნენ ჩართული სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ სადაზვერვო პროცესებში. [4]
უახლეს ისტორიაში ინტერნეტის (სოციალური ქსელების) გამოყენებით შესაძლებელი გახდა მასობრივი არეულობების ორგანიზება კოპენჰაგენში, რომელშიაც მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ჩამოსული ანტი-გლობალისტები. გერმანიის საგარეო პოლიტიკის ექსპერტის ალექსანდრე რარის შეფასებით აქციის მასშტაბურობა და ეფექტურობა ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. 2011 წლის ზაფხულში ანალოგიური სქემით უზრუნველყოფილი იქნა მასობრივი არეულობები დიდ ბრიტანეთში რასაც საპარლამენტო დონეზე ინტერნეტ-სერვიზების (FACEBOOK და TWITTER) ბლოკირების საკითხის განხილვა მოყვა.[5] ანალოგიური მიმართულებით სოციალური ქსელების აქტიურობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „არაბული გაზაფხულის რევოლუციების“ წარმატებული ორგანიზებისას, რომელიც სახელმწიფოთა სტრატეგიული და სასიცოცხლო ინტერესების გადაკვეთის შედეგია. რევოლუციაში სოციალური ქსელის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ერთ-ერთმა ეგვიპტელმა თავის ახლად შეძენილ შვილს FACEBOOK -ი დაარქვა.[6]
ინტერნეტის სადაზვერვო მიზნებით გამოყენების ძირითად მიმართულებიდან გამორჩეულია ისეთი სადაზვერვო ოპერაციები, რომლებიც პიროვნების (პოლიტიკური სპექტრის, ბიზნესის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი (მათ შორის ძალოვანი) სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების და ა.შ. წარმომადგენლების) მიზანმიმართულ კომპრომენტაციას უკავშირდება. ამ მიმართულებით ქმედებათა ეფექტის მისაღწევად აქტიურად იყენებენ, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში სადაზვერვო საქმიანობისას აპრობირებულ ისეთ მეთოდს, როგორიცაა დეზინფორმაცია.
ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია კორპორაციული შპიონაჟის უზრუნველყოფაც. არსებობს შემთხვევები, როდესაც სახეზეა კორპორატიული შპიონაჟი კონკრეტულ კომპანიებს შორის, რეალურად კი მიმდინარეობს ბრძოლა სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებს შორის, რომელთა საერთო ინტერესს საკუთარი სახელმწიფოს მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ბაზრების დაპყრობაში მდგომარეობს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიაში საწარმოო ციკლის, საქონელბრუნვის, სტრატეგიული განვითარების პროექტების, დასაქმებულთა გუნება-განწყობილებების და მიდრეკილებების, არსებული და პერსპექტიული პარტნიორების, ადრე ნამსახურები და დათხოვნილი პირების და ა.შ. ინფორმაციის მოპოვება.
სადაზვერვო საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა-განხორციელების ძირითად პირობას კონსპირაციის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით სადაზვერვო ინტერნეტ სივრცეში გამორჩეულები არიან ჰაკერები. მათ შორის: ჰაქტივისტები-კონსტიტუციური წყობილების რღვევაზე ორიენტირებული, საერთო სოციალური ან პოლიტიკური მოტივის მქონე ჯგუფი და სამთავრობო დაფინანსების ჯგუფები, იგივე (State Sponsored Cyber Crime) გამოირჩევა მძლავრი კომპიუტერული ინფრასტრუქტურით, მდიდარი რესურსებით და სახელმწიფოს დაკვეთით.[7] ამ ჯგუფის სამიზნე მოწინააღმდეგე ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამხედრო და საფინანსო ინსტიტუტები არიან. რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის საომარი მოქმედებების რეჟიმში, სწორედ სადაზვერვო მიზნებით მოქმედმა ჰაკერთა ჯგუფმა უზრუნველყო „საქართველოს ინტერნეტ-სტრუქტურების წინააღმდეგ მასიური, კარგად ინტეგრირებული, წინასწარ დაგეგმილი საინფორმაციო საომარი კამპანია.[8]
ინტერნეტის სადაზვერვო მიზნებით გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ე.წ. ეკონომიკური დივერსიის ორგანიზაცია. 2013 წლის თებერვალში საერთაშორისო კიბერკრიმინალების ერთ-ერთმა დაჯგუფებამ რამოდენიმე საათში საბანკო ბარათების „Mastercard“ ელექტრონულ ბაზებში (გატეხილი მონაცემთა ბაზებიდან ერთი ბაზა მდებარეობდა ინდოეთში, ხოლო მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში) შეღწევის შედეგად შეძლო 45 000 000 აშშ დოლარის მოპარვა.
ისტორიული ფაქტების ანალიზით ვრწმუნდებით, რომ ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობის მიზანმიმართული დაზიანებისათვის ან მათი მასიური განადგურებისათვის მზვერავი სახელმწიფოები ლაბორატორიებში სპეციალურ ვირუსებს ქმნიან და მათ ტერორიზმის იარაღად იყენებენ. ინტერნეტის სადაზვერვო მიზნებით გამოყენების თალსაზრისით შექმნილია სპეციალური ვირუსები, რომლებსაც „რეპლიკაციის (გამრავლების) უნართან ერთად ნებისმიერი, მათ შორის მომხმარებლის კონტროლს დაქვემდებარებული ფაილის დაზიანება ან განადგურება შეუძლია.“ ამ მიმართულებით აქტუალურია სპეციალური ვირუსების საშუალებით სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ე.წ. სპეციალური ინფორმაციების [სახელმწიფოს სტრატეგიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი (მათ შორის საიდუმლო) პროექტების, ნაკეთობების, და ა.შ.], ქურდობის ან მუშა-პროცესის კონტროლის სადაზვერვო ორგანიზაცია.

სტატიის გადმოწერა



——————————————————————–

Facebook Twitter Email Linkedin Google